LiteratureMuseum.ge

წიგნები

უნიკალურ წიგნთა კოლექციაში თავმყორილია მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული გამოცემები. მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა - ივანე მაჩაბლის, გალაკტიონ ტაბიძის, შალვა დადიანის, პავლე ინგოროყვას, ილია ზურაბიშვილის, დიომიდე ცქვიტინიძის პირადი ბიბლიოთეკები.

მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩილ მეფის მიერ მოსკოვში დაარსებულ სტამბაში დაბეჭდილი სახარება, 1709 წელს თბილისის სტამბაში დაბეჭდილი სახარება, 1712 წელს თბილისის სტამბაში დაბეჭდილი ვახტანგ მეექვსისეული ვეფხისტყაოსანი, სულხან-საბა ორბელიანის წიგნი სიბრძნე სიცრუისა (1832 წელი), მიხეილ საბინინის სრული აღწერა ღუაწლთა და ვნებათა საქართველოს წმიდანთა (1882 წელი, პეტერბურგი), ანტონ პირველის გრამატიკა (1885 წელი), ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მიხეილ გედევანიშვილისეული გამოცემა (1914 წელი); წიგნები ილია ჭავჭავაძის, პლატონ იოსელიანის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ივანე მაჩაბლის, გალაკტიონ ტაბიძის, პავლე ინგოროყვას ავტოგრაფებით და ჩასწორებებით. აქვე ინახება საქართველოს გაზეთის, ცისკრის, საქართველოს მოამბის, ივერიის, აკაკის კრებულის, კვალის, ტარტაროზის, ეშმაკის მათრახის, თეატრი და ცხოვრების, ცისფერი ყანწების, მეოცნებე ნიამორების, კავკასიონის, გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალის, არიფიონის, და მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების სხვა პერიოდულ გამოცემათა სრული კომპლექტები თუ ცალკეული ეგზემპლარები.




NAME