LiteratureMuseum.ge

მოგონებები
ნინო მეღვინეთუხუცესიშვილი
ნინო მეღვინეთხუცესიშვილი-მამაცაშვილი (1816-1894) - XIX საუკუნის ინტელიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - იოსებ მამაცაშვილის მეუღლე, ცნობილი ისტორიკოსისა და მკვლევრის - დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის და; იბეჭდებოდა ჟურნალში “ცისკარი” (1860-1863). მამაცაშვილების სალონში იკრიბებოდნენ იმ პერიოდის მწერლები, საზოგადო მოღვაწეები; იკითხებოდა რეფერატები, იმართებოდა დებატები; მათ ოჯახში მიიღეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების გადაწყვეტილება. იოსებ და ნინო მამაცაშვილებმა ექვსი ვაჟი და ექვსი ქალიშვილი აღზარდეს. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დედის ძალისხმევით, თორმეტივე შვილმა საუკეთესო სასწავლებლებში მიიღო განათლება და შემდგომ ერთგულად ემსახურებოდნენ ქვეყანას. მოგონებების ავტორი საინტერესოდ აღწერს 1832 წლის შეთქმულებისა და მეუღლის დაპატიმრების ეპიზოდებს, XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას. მუზეუმი მადლობას უხდის ნინო მეღვინეთხუცესიშვილის შვილთაშვილებს - ნუნუ საგინაშვილსა და მანანა გედევანიშვილს ხელნაწერის საჩუქრად გადმოცემისა და კონსულტაციისთვის.  
ფუნაგორიები
წიგნი დაიბეჭდა ლიტერატურის მუზეუმში დაცული ხელნაწერი კრებულის მიხედვით, რომელიც შედგენილია ნიკოლოზ აგიაშვილის მიერ, ლადო ასათიანისა და კარლო კალაძის რედაქტორობით. კრებულში თავმოყილია გალაკტიონ ტაბიძის, კოლაუ ნადირაძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ნიკა აგიაშვილის, ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეების, კარლო კალაძის, დავით გაჩეჩილაძისა და სხვათა დღემდე უცნობი ფუნაგორიები ( სახუმარო-სალაღობო ლექსები და ენამოსწრებული, გესლიანი ეპიგრამები ). წიგნი ილუსტრირებულია ოსკარ შმერლინგის, დონის, ირაკლი გამრეკელის, გალაკტიონ ტაბიძის, ლადო ასათიანის, აკაკი ბელიაშვილისმ, კარლო კალაძის, მიხეილ ჭიაურელის გიგლა ფირცხალავას, თენგიზ გოგოლაძის და ირაკლი გორდელაძის შარჟებით. კრებულს ერთვის ფუნაგორიებისა და შარჟების ავტორთა საძიებელი, იმ პირთა თუ მოვლენათა განმარტებები, რომლებიც ნახსენები ან ნაგულისხმებია ფუნაგორიებში. 
მარო მაყაშვილი
დღიური
რუსეთის წითელ იმპერიასთან ბრძოლაში დაღუპული 19 წლის მოწყალების დის – მარო მაყაშვილის დღიურები გადმოგვცემს საქარაველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდს. დღიურების ნაწილი 1996 და 2004 წლებშია დაბეჭდილი, ჩანაწერების აქამდე დაკარგულად მიჩნეული ნაწილი კი პირველად გამოქვეყნდა წინამდებარე გამოცემაში. 
კარაპეტ გრიგორიანცი
ძველი თბილისის იშვიათი ამბები
კარაპეტ გრიგორიანცი (1866–1943) ფიროსმანის თანამედროვე, თბილისელი თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც წიგნებსაც წერდა და თარგმნიდა. მისი შემოქმედება მივიწყებულია. ძველი თბილისის იშვიათი ამბები სრულად პირველად გამოიცა. წიგნში ასევე პირველადაა თავმოყრილი კარაპეტ გრიგორიანცის დღეისთვის ცნობილი ყველა ნახატი.
გალაკტიონ ტაბიძე
ოცდახუთ წიგნად - საარქივო გამოცემა
გალაკტიონ ტაბიძის ყველაზე სრულ გამოცემაში მწერლის შემოქმედება ქრონოლოგიურადაა განაწილებული: პირველ შვიდ წიგნში 1905-1958 წლების ლექსები, მერვე წიგნში-უთარიღო და პოეტის არქივში დაცული გამოუქვეყნებელი ლექსები, მეცხრე-მეთორმეტე წიგნებში-პოემები, მეცამეტე-ოცდამეოთხე წიგნებში თავმოყრილია დღიურები, სხვადასხვა ხასიათის ჩანაწერები,ლიტერატურული წერილები და ესკიზები, ავტობიოგრაფიები, გამოსვლები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, განცხადებები, ოლია ოკუჯავას დღიურები. ამ ტექსტების უმეტესობა პირველად ქვეყნდება. ოცდამეხუთე წიგნი ეთმობა უკვე ცნობილ და უფრო მეტ უცნობ ჩანახატებს. გამოცემას ერთვის ხელნაწერთა აღწერილობა, აუცილებელი შენიშვნები, ვარიანტები, ნაწარმოებთა ანბანური საძიებელი: პოეტის შემოქმედებისადმი მიძღვნილი ესეები და სამეცნიერო გამოკვლევები: ფოტოები, ავტოგრაფებისა და მემორიალური ნივთების რეპროდუქციები.
ოტია პაჭკორია
დრო და სახელები
კრებულში პირველად გამოქვეყნდა 14 მოთხრობა. საყოველთაოდ ცნობილი წერილების გვერდით მკითხველი 19 გამოუქვეყნებელ ლიტერატურულ წერილსაც გაეცნობა. აქვეა დაბეჭდილი ესეისტური ნაწერები-მწერალთა და ლიტერატორთა პორტრეტები, რამდენიმე პირადი წერილი, ჩანაწერები, ჩანახატები და ფოტოები.
ევროპა თუ აზია?
კრებული აერთიანებს ალი არსენიშვილის, შალვა აფხაიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ვალერიან გაფრინდაშვილის, ივანე გომართელის, პაოლო იაშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, გიორგი ლეონიძის, ალექსანდრე მანველიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ნიკოლო მიწიშვილის, აკაკი პაპავას, გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, ირაკლი ტატიშვილის, გერონტი ქიქოძის, ნიკოლოზ შიუკაშვილის, გრიგოლ ცეცხლაძისა და სანდრო ცირეკიძის პუბლიკაციებს ევროპული თუ აზიური ორიენტაციის შესახებ, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისის პერიოდულ პრესაში გამოქვეყნდა.
შალვა ამირეჯიბი
ორ წიგნად
შალვა ამირეჯიბის პირველი და უკანასკნელი ლექსების კრებული "მინანქრები" 1920 წელს თბილისში დაისტამბა. შემდეგ იყო 1924 წლის აჯანყება. შემდეგ ემიგრაციაში უსამშობლოდ გატარებული წლები. კრებულის პირველ წიგნში შალვა ამირეჯიბის პოეტური მემკვიდრეობის რჩეული ნაწილი (დაცულია ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში) და ემიგრაციამდე პერიოდულ პრესაში (ჟურნალი კლდე, გაზეთები: სამშობლო და საქართველო) გამოქვეყნებული პუბლიკაციები შევიდა; მეორე წიგნში კი - ემიგრაციის პერიოდის (1925-1943) წერილები, რომელთა უცვლელი თემა 1924 წლის აჯანყებაა. შალვა ამირეჯიბი (1887-1943) - პოეტი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე. 1925 წლიდან წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში.
ლიტერატურის მატიანე
მეცამეტე წიგნი
წიგნში თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა და იკონოგრაფიულ კოლექციებში დაცული - კოლაუ ნადირაძის, სოფრომ მგალობლიშვილის, აკაკი ბელიაშვილის, შალვა დადიანის, კონდრატე თათარიშვილის, დავით კასრაძის, ელისაბედ ერისთავის, ევგენი ლუნდბერგის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, დოდო ხიმშიაშვილის უცნობი მოგონებები, ეპისტოლური მემკვიდრეობა, ფოტოები.
მირზა გელოვანი
დაბრუნება
გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ცენზურამ და საგანგებოდ შერჩეულმა რედაქტორებმა, პოლიტიკური კონიუქტურის შესანარჩუნებლად, ბევრჯერ გადააკეთეს და "შეასწორეს" მირზა გელოვანის ტექსტები. 
ამ საარქივო გამოცემით მირზა გელოვანის ნაწერები პირველად წარდგა მკითხველი საზოგადოების წინაშე ისეთი, როგორიც პოეტის ხელიდან გამოვიდა. 
მირზა (რევაზ) გელოვანი (1917-1944)-პოეტი. დაიღუპა II მსოფლიო ომში. დაკრძალულია ბელორუსიაში სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე. გარდაცვალების შემდეგ, 1957 წელს, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია.
ლიტერატურის მატიანე
1998
ალმანახის ლიტერატურის მატიანე პირველი წიგნი, გიორგი ლეონიძის თაოსნობით, 1940 წელს დაიბეჭდა. მისი რედაქტორობით გამოიცა ლიტერატურის მატიანის ექვსი წიგნი. 1952 წელს კრებულის გამოცემა დროებით შეწყდა. განახლდა 1982 წელს, როცა დაიბეჭდა მე-7-8 წიგნი (რედაქტორი იზა ორჯონიკიძე). ალმანახის მე-9 წიგნი (რედაქტორი გიორგი ნატროშვილი) 1985 წელს გამოვიდა, ხოლო მე-10 ნომერი (რედაქტორი იზა ორჯონიკიძე) 1992 წელს. 
ალმანახის მე-11 ნომერში თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა და იკონოგრაფიულ კოლექციებში დაცული - გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო სამადაშვილის, ნიტა ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, კოლაუ ნადირაძის, ალექსანდრე ხახანაშვილის, ნინო ყიფიანის, სიმონ ჩიქოვანის, კოტე მაყაშვილის, ალექსანდრე ცირეკიძისა და სხვათა - დღემდე უცნობი ხელნაწერები და ფოტოები.
ძვირფასი ავტოგრაფები
კრებულში წარმოდგენილია ლადო ასათიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, მირზა გელოვანის, ტერენტი გრანელის, იოსებ გრიშაშვილის, რაფიელ ერისთავის, ვაჟა-ფშაველას, პაოლო იაშვილის, გიორგი ლეონიძის, ნიკოლო მიწიშვილის, შიო მღვიმელის, კოლაუ ნადირაძის, გრიგოლ ორბელიანის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, სიმონ ჩიქოვანის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ლექსების ავტოგრაფები. კრებული ილუსტრირებულია ცოტნე მამულაშვილის მიერ.
შოთა ჩანტლაძე
მე მოვალ...
პოეზიის მოყვარულთ ვთავაზობთ შოთა ჩანტლაძის, მანამდე დასტამბული ოთხი წიგნისგან სრულიად განსხვავებულ, საარქივო (არქივი დაცული ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა და იკონოგრაფიულ კოლექციებში) გამოცემას, რომელსაც რედაქტორის ხელი არ შეხებია. კრებულში შესულია ლექსები, თარგმანები, მოთხრობები, მინიატიურები, იგავები, დღიურები, პირადი წერილები და პოეტის ფოტოარქივი. 
შოთა ჩანტლაძე (1928-1968) - მწერალი. მუშაობდა რედაქტორ-სტილისტად სხვადასხვა გამომცემლობაში. თარგმნა ირლანდიური საგები, ალექსანდრ პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, თეოდორ ტიუტჩევის ლექსები.
ბორის პასტერნაკი
საარქივო გამოცემა
Борис Пастернак. Архивное Издание
ბორის პასტერნაკის არქივის ნაწილი, ლიტერატორ ოლმა ივინსკაიას (მწერლის მეგობარი და სარედაქციო საქმის მეურვე) საკუთრება, 1980 წელს მისმა სიძემ საქართველოს ხალხთა მეგობრობის მუზეუმს მიჰყიდა. მუზეუმის ლიკვიდაციის შემდეგ არქივმა ლიტერატურის მუზეუმში დაიდო ბინა. წიგნის პირველი თავი არქივის აღწერილობას, მომდევნო სამი თავი კი- ტიციან ტაბიძის, სიმონ ჩიქოვანის , მარინე მიწიშვილისა და ბორის პასტერნაკის მიმოწერას ეთმობა. ბორის პასტერნაკი (1890-1960) - რუსი მწერალი, ქართული პოეზიის მთარგმნელი და პოპულარიზატორი. საქართველოს ეძღვნება პოეტური რკალები: მხატვარი და მგზავრის ნაწერები (1936), უკანასკნელი წიგნი ლექსები საქართველოზე - ქართველი პოეტები (1958). რომანს - ექიმი ჟივაგო, ნობელის პრემია მიენიჭა (1958), მაგრამ მწერალი აიძულეს უარი ეთქვა პრემიის მიღებაზე.
გურამ ასათიანი
სერიიდან
გურამ ასათიანი (1928-1982) - კრიტიკოსი. 1955 წლიდან ქართულ და რუსულ პრესაში ბეჭდავდა კრიტიკულ წერილებს თანამედროვე ლიტერატურის პრობლემებზე. 1978 წლიდან იყო ჟურნალის ,,ლიტერატურნაია გრუზია" მთავარი რედაქტორი.
ლევან ასათიანი
სერიიდან "უბის წიგნაკი"
ლევან ასათიანი (1900-1955) - მწერალი, პუბლიცისტი, ფუტურისტ-ლეფელი, ჟურნალის "მნათობი" პასუხისმგებელი მდივანი (1932-1934). ლევან ასათიანი ავტორია წერილების - ქართველ მწერლებზე და ქართულ-უცხოურ ურთიერთობებზე. მისი რედაქციით გამოცემულია ქართველი კლასიკოსების თხზულებები ქართულ, რუსულ, უკრაინულ და სომხურ ენებზე.
ოტია პაჭკორია
სერიიდან "უბის წიგნაკი"
ოტია პაჭკორია (1928-1984) - მწერალი. 1967 წლიდან ჟურნალის ,,ცისკარი" მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1982 წლიდან ჟურნალის ,,მნათობი" პასუხისმგებელი მდივანი.
ედიშერ ყიფიანი
სერიიდან "უბის წიგნაკი"
ედიშერ ყიფიანი (1924-1972) - მწერალი. 1951-1961 წლებში განაგებდა ჟურნალის "დროშა" ლიტერატურულ განყოფილებას. 1961 წლიდან ჟურნალის მნათობი პროზის განყოფილების გამგე, შემდეგ - პასუხისმგებელი მდივანი.
ნოდარ ჩხეიძე
სერიიდან "გახსენება"
ნოდარ ჩხეიძე (1928-1968) - კრიტიკოსი. მისი კრიტიკული წერილები ერუდიციით, პროფესიონალიზმითა და პრინციპულობით გამოირჩევა.
არჩილ სულაკაური
სერიიდან "უბის წიგნაკი"
არჩილ სულაკაური (1927-1997) - მწერალი. 1971 წელს მიენიჭა შოთა რუსთველის სახელობის პრემია საყმაწვილო ნაწარმოებისთვის სალამურას თავგადასავალი, 1973 წლიდან გამომცემლობის ნაკადული დირექტორი, 1982 წლიდან ჟურნალის მნათობი მთავარი რედაქტორი.
სერგო კლდიაშვილი
სერიიდან "უბის წიგნაკი"
სერგო კლდიაშვილი (1893-1986) - მწერალი, 1916 წლიდან ცისფერყანწელი; სერგო კლდიაშვილის სახელს უკავშირდება ქართული ნოველის შექმნა.რბილი ყდა.
გერონტი ქიქოძე
სერიიდან "უბის წიგნაკი"
გერონტი ქიქოძე (1885-1960) - მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე; 1927-1928 წლებში ლიტერატურული გაერთიანების არიფიონის წევრი, ალმანახის არიფიონი (თბილისი, 1928) თანარედაქტორი. ავტორია წერილების ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და ესთეტიკაზე. თარგმნა მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ნაშრომები, ონორე დე ბალზაკის, სტენდალის, პროსპერ მერიმეს, ანატოლ ფრანსის და სხვათა ნაწარმოებები.
მაყვალა მრევლიშვილი
სერიიდან "უბის წიგნაკი"
მაყვალა მრევლიშვილი (1909-1968) - საბავშვო პოეტი, მთარგმნელი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი. თარგმნა შარლ დე კოსტერის ულენშპიგელის ლეგენდა და ფრანგული საბავშვო პოეზია.
სიმონ ჩიქოვანი
სერიიდან "გახსენება"
სიმონ ჩიქოვანი (1903-1966) - პოეტი, ფუტურისტ-ლეფელი. 1947 წელს პოემისთვის სიმღერა დავით გურამიშვილზე 1944-1951 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, 1954-1960 ჟურნალის "მნათობი" რედაქტორი.
მიქელ პატარიძე
სერიიდან "გახსენება"
მიქელ პატარიძე (1895-1959) - პოეტი, მთარგმნელი. 1944 წლიდან ბაღდადში ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის დირექტორი. ჟოზე მარია ერედიას ,,ტროფეების" თარგმანით თავისი წვლილი შეიტანა ქართული ლექსის მხატვრული ფორმის სრულყოფაში.
სანდრო ცირეკიძე
სერიიდან "გახსენება"
სანდრო (ალექსანდრე) ცირეკიძე (1894-1923) - მწერალი, 1916 წლიდან ცისფერყანწელი, 1920-იან წლებში დაარსა მწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი და გამომცემლობა "კირჩხიბი", თანარედაქტორობდა ჟურნალს "მეოცნებე ნიამორები" (1919), რედაქტორობდა ჟურნალს "შვილდოსანი" (1920). თარგმნა სტეფან მალარმეს ლექსები და პროზა, შარლ ბოდლერის პოემები პროზად და ოსკარ უაილდის ზღაპრები.
ნაზი კილასონია
სერიიდან "გახსენება"
ნაზი კილასონია (1927-1996) - პოეტი. 1960 წლიდან ჟურნალის ,,საქართველოს ქალი" ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგე.
ნიკოლოზ მათიკაშვილი
იუნკრები და სხვები
სამხედრო მოღვაწის, დამოუკიდებელი საქართველოს არმიის იუნკრის, პოლონეთის არმიის საკონტაქტო ოფიცრის, პუბლიცისტისა და მემუარული პროზის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ნიკოლოზ მათიკაშვილის მოგონებების წიგნი მომზადდა ლიტერატურის მუზეუმში დაცული, პოლონეთიდან 1991 წელს ჩამოტანილი არქივის მიხედვით, რომელიც ქართული სამხედრო ისტორიისა და კვლევის საქმეში მნიშნელოვან ფურცელს წარმოადგენს. მოგონებებში აღწერილია იუნკერთა ცხოვრება და მათი სასახელო ბრძოლები 1921 წელს კოჯორსა და ტაბახმელაში, რუსეთთან დამარცხების მიზეზები; იუნკერთა შემდგომი ცხოვრება ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში, შემდეგ კი - საბერძნეთსა და პოლონეთში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკოლოზ მათიკაშვილისა და სხვა იუნკრების ფოტოები და ხელნაწერები.
ოტია პაჭკორიას ნაწარმოებები
(ოთხტომეული)
I წიგნში თავმოყრილია მოთხრობები და ფრაგმენტები; 
II-III წიგნები აერთიანებს ლიტერატურულ წერილებს, ესეებს და რეცენზიებს; 
IV წიგნში შესულია, დღიურები, ჩანაწერები, პირადი მიმოწერა და ჩანახატები.
ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა XII-XIX საუკუნეები - წიგნი I
საარქივო გამოცემა
ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის პირველ წიგნში წარმოდგენილია XII—XIX საუკუნეების სახარებები, სიგელ-გუჯრები, სასულიერო კრებულები, „ვეფხისტყაოსნის“ რედაქციები, ეპიკური თხზულებები, ლექსიკონები, სამართლის წიგნები, კარაბადინები, გენეალოგიები, განჩინებები, გაყრისა და მზითვის წიგნები, წერილები.
ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა XIX-XX საუკუნეები - წიგნი III
საარქივო გამოცემა
ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის მესამე წიგნში წარმოდგენილია გიორგი, დავით, რაფიელ და ელიზბარ ერისთავების; ალექსანდრე, ეკატერინე და დავით ჭავჭავაძეების; ალექსანდრ ნიკოლაის და ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, თარგმანები, მოგონებები, დოკუმენტები.
ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა XIX-XX საუკუნეები - წიგნი IV
საარქივო გამოცემა
ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის მეოთხე წიგნში წარმოდგენილია აკაკი და გიორგი წერეთლების, იაკობ გოგებაშვილისა და ივანე კერესელიძის ნაწარმოებები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა, თარგმანები, მოგონებები, დოკუმენტები.
ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა XIX საუკუნე - წიგნი II
საარქივო გამოცემა
ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობის მეორე წიგნში წარმოდგენილია ნიკოლოზ ბარათაშვილის, თეკლე ბატონიშვილის; ალექსანდრე, ვახტანგ, დიმიტრი, მარიამ და გრიგოლ ორბელიანების; დიმიტრი, ნიკოლოზ, კონსტანტინე, ელენე და ნინო ყიფიანების პირადი და ოფიციალური მიმოწერა, ნაწარმოებები, თარგმანები, დოკუმენტები. მესამე წიგნში აღწერილი იქნება XIX საუკუნის მწერალთა არქივები. კვლევა განხორციელდა და წიგნი დაიბეჭდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ტიციან ტაბიძის ორტომეული
საარქივო გამოცემა
ტიციან ტაბიძის ნაწარმოებების ორტომეული პირველი წიგნი აერთიანებს ლექსებს , პოემებსა და თარგმანებს; მეორე წიგნში შესულია მინიატურები, ნოველები, პირადი და ოფიციალური მიმოწერა სრულად. წიგნი დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.  
ასი ლექსი
კოლაუ ნადირაძის კომენტარებით
გალაკტიონის ასი ლექსის ფაქსიმილე გამოცემა კოლაუ ნადირაძის კომენტარებით. 
წიგნი დაიბეჭდა ლიტერატურის მუზეუმში დაცული წიგნის - გალაკტიონის ასი ლექსი (1961) - მიხედვით, რომელსაც ახლავს კოლაუ ნადირაძის კომენტარები. ეს კომენტარები უაღრესად კრიტიკულია , მწვავე და ზოგჯერ სახალისოც, მაგრამ ამავე დროს იგრძნობა ცნობილი მწერლის შეფარული მოწიწებაც დიდი პოეტისადმი. 
სვანური ამბები
1920-1960-იანი წლები
ომინდე (იოანე) ივანეს ძე კორძაია დაიბადა 1912 წლის 16 მაისს. დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ იფარის სკოლაში, სხვადასხვა დროს მუშაობდა საგზაო მეურნეობაში, სატყეო მეურნეობაში "ლესპრომხოზი", ოქროს წარმოებაში - "ტორგსინების" არსებობის დროს ოქროს ეძებდნენ ენგურში. უყვარდა კითხვა , ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა, კარგად იცოდა ხუცური , იყო საუკეთესო მედიატორე და ზედმიწევნით იცნობდა სვანურ ადათებს და წეს-ჩვეულებებს. გარდაიცვალა სიმღერით 1986 წლის 8 აგვისტოს. 
აკაკი წერეთელი
აკაკი ბაქრაძე აკაკი წერეთელი
წიგნში წარმოდგენილია აკაკი წერეთლის ილუსტრირებული ბიოგრაფია.წიგნი დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. 
ამერიკაში პარიზზე გავლით
აკაკი ბელიაშვილი - ამერიკაში პარიზზე გავლით 
ამერიკაში პარიზზე გავლით" დოკუმენტური ჟანრის ნაწარმოებია. მოგონებების ფურცლებიდან მკითხველი არაერთ ქალაქს მოივლის აკაკი ბელიაშვილთან ერთად, ჰოლივუდის მსახიობებსაც გაიცნობს და დისნეილენდსაც ბავშვური აღტაცებით დაათვალიერებს, ემიგრანტ თანამემამულეებსაც შეხვდება და მათ ისტორიებსაც მოისმენს. საბჭოთა პერიოდში ტექსტი დაიბეჭდა მნიშვნელოვანი შემცირებით და ცენზორის უხეში ჩარევით. ამჯერად ის პირველად ქვეყნდება ისე, როგორც დაიწერა. წიგნში გამოქვეყნებული არაერთი ფოტო უნიკალურია და ისინიც პირველად იბეჭდება. 
დღიური
1924-1941
იოსებ მჭედლიშვილის დღიური 

დღიურები გადმოგვცემს 1920-1939-იანი წლების საბჭოთა ცხოვრების ავ-კარგსა და ანტისაბჭოურად განწყობილი მწერლის, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა (1921 წელი) იწვნია საბჭოთა რეპრესიები, კრიტიკულ დამოკიდებულებას ამ რეჟიმის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ხშირად ტენდენციურია, დღიური საინტერესო წყაროა საბჭოთა ყოველდღიურობის შესასწავლად.
მწერალთა ავტობიოგრაფიები
საარქივო გამოცემა
მწერალთა ავტობიოგრაფიები
ორ წიგნად 

კრებულში თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმში დაცული XIX-XX საუკუნეების ქართველი, აფხაზი, ოსი და საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების მწერალთა დღემდე გამოუქვეყნებელი 310 ავტობიოგრაფია. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანი წყაროა არა მხოლოდ მწერალთა ბიოგრაფიების, არამედ ლიტერატურული მიმდინარეობების, უცხოელ მწერლებთან ურთიერთობების და სხვადასხვა მოვლენების შესასწავლად.
ფანტასტიური დუქანი
1919 წელს გამოცემული ალმანახის რეპრინტი. ქართულ-რუსულ-სომხური ალმანახი ილია ზდანევიჩმა, ალექსეი კრუჩონიხმა და იგორ ტერენტევმა მიუძღვნეს თბილისის მინიატიურების თეატრის მსახიობს -სოფია მელნიკოვას, რომელიც 1917-1919 წლებში კაფეში "ფანტასტიკური დუქანი" (გაიხსნა 1917 წელს იური დეგენისა და სანდრო კორონას ინიციატივით; მოხატეს ლადო გუდიაშვილმა, იაკობ ნიკოლაძემ, ილია ზდანევიჩმა, იური დეგენმა, სერ გეიმ, პეტრაკოვსკიმ; ილია ზდანევიჩმა, ალექსეი კრუჩონიხმა და იგორ ტერენტევმა დააარსეს ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი, სადაც წაიკითხეს 200 ლექცია ზაუმური პოეზიის შესახებ; კაფეს ხშირად სტუმრობდნენ ცისფერყანწელები) კითხულობდა ავანგარდისტების ლექსებს. გამოცემაში შესულია ნინა ვასილიევას, ტატიანა ვეჩორკას, ილია ზდანევიჩის, ყარა-დარვიშის, ალექსეი კრუჩონიხის, გრიგოლ რობაქიძის, ტიციან ტაბიძის, იგორ ტერენტევის, ალექსანდრ ჩაჩიკოვის, ნიკოლაი ჩერნიავსკის, გრიგორი შაიკევიჩისა და პაოლო იაშვილის ლექსები. ალმანახი ილუსტრირებულია სიგიზმუნდ ვალიშევსკის, ალექსანდრ ბაჟბეუქ-მელიქოვის, ნატალია გონჩაროვას, ლადო გუდიაშვილის, ილია და კირილ ზდანევიჩების, მიხაილ კალაშნიკოვისა და იგორ ტერენტევის ნახატებით. 
აფხაზი თავადის ქალის მოგონებები ჰარამხანაზე
ლეილა აჩბა-ანჩაბაძის (1898-1931) - ერთ-ერთი პირველი აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლის - მგონებები საინტერესეოა იმდენად, რამდენადაც ის ერთადერთი ქალია, რომელიც ჰარემში ცხოვრობდა და ამის შესახებ მოგონებები დაწერა. ავტორი იყო თვითმხილველი ოსმალეთის იმპერიის დაცემის, სულთანათისა და ხალიფატის გაუქმების, რაზეც ის სეფექალის პოზიციიდან საუბრობს. მემუარები ბევრ ცნობას გვაწვდის თურქეთში მცხოვრები აფხაზების შესახებ. 
ალამისი
აფხაზური ნოველები
მიხაილ ლაკერბაი - ალამისი 
(აფხაზური ნოველები) 
გამოცემაში შესულია აფხაზი მწერლის, მიხაილ ლაკერბაის (1901-1925) ნაწარმოებები წიგნებიდან: აფხაზური ნოველები (თბილისი, 1960), ალამისის სიმღერა (თბილისი, 1965):ლიტერატურის მუზეუმში დაცული მწერლის ავტობიოგრაფია და პირადი წერილები წიგნი ილუსტრირებულია ლადო ფოჩხუას მიერ.
ციმბირში
თედო სახოკია 
ციმბირში (მოგონებები 1905 წლის რევოლუციის დროიდან) 

თედო სახოკია 1905 წელს, ამსტერდამიდან საქართველოში იარაღის შემოტანაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. სწორედ ეს პერიოდია აღწერილი 1931 წლით დათარიღებულ მოგონებაში, რომელიც აქამდე სრულად არ გამოქვეყნებულა, მხოლოდ სამი თავი დაიბეჭდა ჟურნალში "მნათობი".
წიგნი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ამგვარი მოგონებების ბევრი ავტორისაგან განსახვავებით, მწერალმა წარმოაჩინა არა პოლიტიკური გარემო და მოღვაწეთა საქმიანობა, არამედ ქუთაისიდან ციმბირამდე და უკან განვლილი გზა, პატიმართა ყოფა-ცხოვრება, ციმბირში გადასახლების პირობები ყოველდღიურობა, ციმბირის ბუნება, ქალაქები, სოფლები, იქ მცხოვრები ადამიანების საქმიანობა.
თედო სახოკია (1868-1965)-მწერალი, მთარგმნელი, ეთნოგრაფი, ლექსიკოგრაფი, პოლიტიკური მოღვაწე:1890-იან წლებში საქართველოს თავისუფლების ლიგის წევრი, აფხაზეთში ქართული პარტიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, 1900-იან წლებში საფრანგეთის ანთროპოლოგიური საზოგადოების წევრ-კორესპონდენტი, 1903-1905 წლებში საფრანგეთში პირველი ქართული გაზეთის საქართველო და ფრანგული დამატების ლა ჟეორჟეს ერთ-ერთი გამომცემელი, 1904 წლიდან საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი.
ლიტერატურული ჟურნალები
საარქივო გამოცემა
ლიტერატურული ჟურნალები 1910-1920-იანი წლები 
ოთხი წიგნი 

პირველ წიგნში (944 გვერდი) - თავმოყრილია ჟურნალები: ოქროს ვერძი, ცისფერი ყანწები, საფირონი, ლეილა, პრომეთე, აისი, შვიდი მნათობი (1913-1918). 
მეორე წიგნში (736 გვერდი) - მეოცნებე ნიამორები, თოლაბულისის სარტყელი, კრონოსის სარკე, შვილდოსანი, ხომალდი, ილიონი, ლომისი (1919-1922). 
მესამე წიგნში (908 გვერდი) - კავკასიონი და ახალი კავკასიონი (1924-1925). 
მეოთხე წიგნში (702 გვერდი) - გალაკტიონის ჟურნალი, მემარცხენეობა, ლიტერატურა და სხვა, შემოქმედი, არიფონი (1922-1927).
რაზიკაშვილების მიმოწერა
ვაჟა-ფშაველას (1862-1917), ბაჩანას (1866-1927), თედო (1869-1922), სანდრო (1974-1943) და მიხა (მათი დისწულის) რაზიკაშვილების მიმოწერა გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, როგორ ცხოვრობდა ვაჟა-ფშაველას ოჯახი.
ილია ჭავჭავაძე
საარქივო გამოცემა
წიგნში თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცული ლექსები, პოემები, თარგმანები, პუბლიცისტური, პირადი და ოფიციალური წერილები, ფოლკლორული ჩანაწერები, ამონარიდები უცხოელ მწერალთა ნაწარმოებებიდან, ხელწერილები. გამოცემას თან ერთვის ავტოგრაფები, მუზეუმის იკონოგრაფიულ კოლექციაში დაცული ფოტოები და მემორიალური ნივთების რეპროდუქციები, ხელნაწერთა აღწერილობა, ლექსთა ყველა განსხვავებული ვარიანტი და კომენტარები. 
აკაკი წერეთელი, ორტომეული
საარქივო გამოცემა
აკაკი წერეთელი
საარქივო გამოცემა ორ წიგნად. 

პირველ წიგნში (656 გვერდი) თავმოყრილია ლიტერატურის მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცული ლექსები, პოემები, თარგმანები, დრამები. 
მეორე წიგნში (528 გვერდი) შესულია პროზაული ნაწარმოებები, პუბლიცისტური წერილები, პირადი მიმოწერა, სიტყვები და დოკუმენტები. წიგნებს ერთვის ავტოგრაფები, მუზეუმის იკონოგრაფიულ კოლექციაში დაცული ფოტოები და მემორიალური ნივთების რეპროდუქციები, ხელნაწერთა აღწერილობა, შენიშვნები და პირთა ანბანური საძიებელი. 
აკაკი წერეთელი (1840-1915)- პოეტი, საზოგადო მოღვაწე. დიდი წვლილი შეიტანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქართული თეატრალური დასისა და დრამატული საზოგადოების დაარსებაში, ჟურნალისტიკის განვითარებაში. დააარსა ჟურნალი აკაკის თვიური კრებული (1876-1900), რედაქტორობდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს ხუმარა (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად იყო სალიტერატურო ენის რეფორმატორი.