LiteratureMuseum.ge

ხელნაწერები


მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში დაცულ ნუსხათა შორის უძველესია ფერადი მინიატიურებით შემკული, მე-12 საუკუნის ათონური ოთხთავი. ძველ ხელნაწერთა შორის უმნიშვნელოვანესია ვეფხისტყაოსნის მე-17-19 საუკუნეების რედაქციები, ომანიანი, ქილილა და დამანა, მე-18 საუკუნეში გადაწერილი ყარამანიანი, ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნი, ლექსები და პოემები; სულხან-საბა ორბელიანის სიბრძნე სიცრუისა და ქართული ლექსიკონი (მე-18-19 საუკუნეებში გადაწერილი), ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს ცხოვრება და გეოგრაფია (1829 წელს გადაწერილი), ბესარიონ გაბაშვილის მუხამბაზები, მე-18-19 საუკუნეების ფილოსოფიურ-რელიგიური ლიტერატურა, ოთხთავები, საგალობელთა კრებულები, სიგელ-გუჯრები. 

აქვე ინახება ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე მაჩაბლის, ნიკო ნიკოლაძის, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით კლდიაშვილის, ვასილ ბარნოვის, გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლეონიძის, კოტე მაყაშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, გერონტი ქიქოძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ნიკო სამადაშვილისა და სხვა მწერალთა არქივები და ცალკეული

ხელნაწერები. აღსანიშნავია ალექსანდრ დიუმას, ივან ტურგენევის, არტურ ლაისტის, მარჯორ და ოლივერ უორდროპების, მაქსიმ გორკის, ალექსანდრე ბლოკის, ანდრეი ბელის, კონსტანტინ ბალმონტის, ვალერი ბრიუსოვის, ბორის პასტერნაკის და სხვა უცხოელ მწერალთა ნაწარმოებების ავტოგრაფები და პირადი წერილები ქართველი მოღვაწეებისადმი.