LiteratureMuseum.ge

იკონოგრაფია


ფოტო

იკონოგრაფიული კოლექციის დიდ ნაწილს შეადგენს ცნობილი ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების - ალექსანდრე როინაშვილის, დავით აბაშიძის, დიმიტრი ერმაკოვის, ალექსანდრ ენგელის, ფელიქს ნადარის, მიქელე შემბოშის, ანტუან სევრიუგინის, ედუარდ კლარის, აბრამ ნორდშტეინის, სამუელ მიჩნიკის, ბორის კოზაკის, ოთარ თურქიას, დავით გურამიშვილის, ვასილ ჩლაიძის, გურამ თიკანაძის და სხვათა გადაღებული ფოტოორიგინალები, ნეგატივები. აქვეა დაცული ბაგრატიონების, ერისთავების, ჭავჭავაძეების, ორბელიანების, ოქრომჭედლიშვილების, ხელთუფლისშვილების, ყარანგოზიშვილების, სტაროსელსკების, უორდროპებისა და სხვათა ფოტოალბომები.


ფერწერა/გრაფიკა/სკულპტურა

იკონოგრაფიულ კოლექციაში ინახება ქართველი და უცხოელი მხატვრების: ალექსანდრე ბერიძის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ორესტ კიპრენსკის, ალექსანდრ მოლინარის, აკოფ ჰოვნათანიანის, თეოდორ ბუროვის, კოლუმბერის, მეზენცევის, პეტრ კოლჩინის, ლუდვიგ ლონგოს, გრიგორი გაგარინის, გიორგი კორადინის, ალექსანდრ მორგუნოვის, ივან ფრიდრიცის, გიგო გაბაშვილის, ჰენრიკ ჰრინევსკის, დავით კაკაბაძის, ოსკარ შმერლინგის, გიგო ზაზიაშვილის, მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილის, ალექსანდრ ბაჟბეუქ-მელიქოვის, უჩა ჯაფარიძის, ირაკლი თოიძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, ნინა თამამშევას, თამარ აბაკელიას, ირაკლი გამრეკელის, ლადო გრიგოლიას, აპოლონ ქუთათელაძის, ალექსანდრ შუხაევის, ალექსანდრე ციმაკურიძის ბორის იოჰანსენის, მერი მიქელაძე-ბაგრატიონის, რობერტ სტურუას, თეიმურაზ ყუბანეიშვილის, ლევან ცუცქირიძის, თემო ჯაფარიძისა და სხვათა მიერ დახატული ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, პეიზაჟები, ლიტერატურულ ნაწარმოებთა ილუსტრაციები, კარიკატურები. აქვეა დაცული იაკობ ნიკოლაძის, ვახტანგ კოტეტიშვილის, იროდიონ ოქროპირიძის, ბიძინა ავალიშვილის, ფარნაოზ მზარეულაშვილის, კონსტანტინე მერაბიშვილის, ტიტე სიხარულიძის, იდა თვარაძის, ნოდარ ჩუბინიძის, კობა გურულის, იროდიონ გველესიანის და სხვათა მიერ შესრულებული ბიუსტები, ქანდაკებები, სახის ნიღბები, ბარელიეფები, ხეში ამოკვეთილი გრავიურები და ჭედურობები.


მემორიალური ნივთები

მემორიალური ნივთების კოლექციაში დაცულია ქართველ თუ უცხოელ მწერალთა და მოღვაწეთა ავეჯი, ტანსაცმელი, იარაღი, ჭურჭელი და საოჯახო რელიკვიები, მათ შორის: ეკატერინე მეორის მიერ ერეკლე მეორისადმი მიძღვნილი სამგზავრო ყუთი; ალექსანდრე ჭავჭავაძის საგვარეულო გერბი, მუსიკალური ყუთი, მალტის ჯვარი და მინიატიურა; მანანა ორბელიანის ქოლგა და საბეჭდავი; ალექსანდრ გრიბოედოვის მიერ ნინო ჭავჭავაძისადმი ნაჩუქარი საწერი მოწყობილობა და სამგზავრო ყუთი; ნიკოლოზ ბარათაშვილის დების ნაქონი ვერცხლის სურა და აზარფეშა, აბრეშუმის შალი - რომელიც პოეტმა თავის დას უძღვნა; დიმიტრი ყიფიანის მაგიდის საათი და საფულე; ილია ჭავჭავაძის ოქროს საათი, სათუთუნე, ლამპები, ყანწები, საფერფლე „ივერია“, სურა, ჩარჩოები, ჯოხ-სკამი, შარვალი და პერანგი, წიწამურიდან აკრეფილი ტყვიები; აკაკი წერეთლის საწერი მოწყობილება, შანდლები, საათი, ჭურჭელი, ალბომი; ვაჟა-ფშაველას მაგიდა, სკამები, ფარდაგები, ფანდური, ხანჯლები, პენსნე; ალექსანდრე ყაზბეგის საწერი მოწყობილობა, საფულე, ჭიქა; ივანე მაჩაბლის მაგიდა, საფერფლე და ცხვირსახოცი; დავით სარაჯიშვილის მაგიდის საათი და შანდლები; მაკინე ამირეჯიბის სუფრა ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა ნაქარგი ავტოგრაფებით; გალაკტიონ ტაბიძის კარადები, თაროები, საბეჭდი მანქანა, ქუდი, საწერი მოწყობილობა, პორტფელი, ფანდური; ფიროსმანის ფიალა და სასწორი; ალექსანდრ გრიბოედოვის ჯიბის ჭოგრი და მინიატიურა, ალექსანდრ პუშკინის უბის წიგნაკის ყდა, მიხაილ ლერმონტოვის ცხვირსახოცი, ჰაჯი-მურატის თოფები; შალვა დადიანის, ვასილ ბარნოვის, ტიციან ტაბიძის, კოლაუ ნადირაძის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის, იოსებ გრიშაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, სიმონ ჩიქოვანისა და სხვათა ნივთები.


აუდიო-ვიდეო

აუდიო-ვიდეო კოლექციაში დაცულია ქართველი და უცხოელი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების უნიკალური ჩანაწერები: ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (კინოფირი), „შალვა დადიანის იუბილე“ (კინოფირი), გალაკტიონ ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძის, გიორგი ლეონიძის, პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძის, სერგო კლდიაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, შალვა ნუცუბიძის, სიმონ ჩიქოვანის, ირაკლი აბაშიძის, გურამ რჩეულიშვილის, ბორის პასტერნაკის, ალექსანდრ ბლოკის, ილია ერენბურგის, ვალერი ბრიუსოვის, სერგეი ესენინის და სხვათა აუდიოჩანაწერები. აქვეა სხვადასხვა დროს მუზეუმში გამართული ღონისძიებების აუდიო-ვიდეოჩანაწერები.