LiteratureMuseum.ge

ისტორია

ლიტერატურის მუზეუმის დაარსებას ალექსანდრ გრიბოედოვის გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა დაედო საფუძვლად, რომელიც 1929 წელს, მთაწმინდაზე, თბილისის სათეატრო მუზეუმის გამგემ, შემდგომში მოსკოვში ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის დამაარსებელმა - დავით არსენიშვილმა მოაწყო. გამოფენამ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც ალექსანდრ გრიბოედოვის მუზეუმის დაარსება განაპირობა. გამოფენის მზადების დროს მდიდარი მასალა გამოვლინდა 1820-1830-იანი წლების თბილისის კულტურული ცხოვრების შესახებ, საინტერესო არქივები აღმოჩნდა კერძო პირთა მფლობელობაში. შესაძლებელი გახდა ქართველ მწერალთა მუზეუმის დაარსება, რასაც ხელს უწყობდა გრიბოედოვის მუზეუმის მთაწმინდის პანთეონის ეზოში მდებარეობა.


1930 წელს ტიციან ტაბიძის თაოსნობითა და მწერალთა ფედერაციის გადაწყვეტილებით, „მთაწმინდის მუზეუმ-პანთეონი“ დაარსდა, რომელსაც ალექსანდრ გრიბოედოვის გამოფენის ექსპონატები გადაეცა და მთაწმინდაზე დაკრძალულ მწერალთა და მოღვაწეთა - დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, ალექსანდრე ცაგარელისა და ვასო აბაშიძის შესახებ მასალების მოძიება-შეკრება დაევალა. მამა დავითის ეკლესიის წინამძღვარმა - ნესტორ მაჭარაშვილმა მუზეუმს უსასყიდლოდ დაუთმო ორი ოთახი.

1931 წელს მუზეუმის გამგედ გიორგი ლეონიძე დაინიშნა. მან ფონდის გასამდიდრებლად ყველა თანამედროვე მწერალსა და მოღვაწეს, გარდაცვლილთა შთამომავლებსა და ნაცნობებს მიმართა, მუზეუმში დაებინავებინათ და დაღუპვისგან ეხსნათ მწერალთა ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, სურათები და სხვა მასალები. საზოგადოება მოწოდებას დიდი გულისხმიერებით გამოეხმაურა. მფლობელებმა ძვირფასი კოლექციების უმეტესობა უსასყიდლოდ გადასცეს სიძველეთა ახალდაარსებულ საცავს. მასალები შემოვიდა საქართველოს მუზეუმის საისტორიო-საეთნოგრაფიო განყოფილებიდან, სათეატრო, ძველი ქართული ხელოვნებისა და რევოლუციის მუზეუმებიდან. მოგონებების ჩასაწერად და ახალი ექსპონატების მოსაძიებლად მრავალი ექსპედიცია მოეწყო მწერალთა სოფლებში.

არქივის ზრდასა და დასახული მიზნის შეცვლასთან ერთად იცვლებოდა მუზეუმის სახელწოდებაც. 1931 წელს მუზეუმს „მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი ეწოდა“, 1935 წელს - „საქართველოს მწერალთა მუზეუმი“, 1938 წელს კი - „საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმი“. ამავე წელს მუზეუმმა ისტორიულ შენობაში - კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის მოადგილის ყოფილ სასახლეში დაიდო ბინა, სადაც დღემდე მდებარეობს.

გიორგი ლეონიძის ხელმძღვანელობის დროს შეგროვდა უნიკალური მასალების უმრავლესობა, რის გამოც მუზეუმს, 1967 წელს, მწერლის გარდაცვალების წლისთავზე, მისი სახელი ეწოდა. 

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორები იყვნენ:

 გიორგი ლეონიძე - 1931-1953;   ვასო ეგნატაშვილი - 1953-1956;
 ვანო კაკაბაძე - 1956-1976;  იზა ორჯონიკიძე - 1976-1982;
 გიორგი ნატროშვილი - 1982-1988;   იზა ორჯონიკიძე - 1988-1990;
 გურამ შარაძე - 1991;  იზა ორჯონიკიძე - 1991-2010;
 ლაშა ბაქრაძე - 2010 წლიდან.   

დღეს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი 115.000-ზე მეტ ხელნაწერს, 3.500 ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევარს, 86 სკულპტურას, 30.000-ზე მეტ ფოტოორიგინალს, 75 ფოტოალბომს, 1.250 მემორიალურ ნივთს, 20.000-მდე იშვიათ წიგნსა და ჟურნალ-გაზეთს, 500 აუდიო-ვიდეოჩანაწერსა და 2000 ნეგატივს ინახავს. ეს ექსპონატები უნიკალური მასალაა ქართული და უცხოური ლიტერატურის შესასწავლად.

საარქივო მასალების მოძიება-შეკრების, მოვლა-აღრიცხვისა და კვლევის გარდა, მუზეუმი მართავს და მასპინძლობს კულტურულ ღონისძიებებს, ეწევა საგამომცემლო საქმიანობას. სწორედ ამ სამ მიმართულებაზეა აგებული ლიტერატურის მუზეუმის განვითარების სტრატეგია.


ფოტო გალერეა