LiteratureMuseum.ge

გამოფენა "ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან"




ელენე დარიანის ამბავი ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცული ისტორიაა ქართულ ლიტერატურაში. 

ელენე დარიანის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ლექსებს იცნობს მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურით დაინტერესებული ყველა ადამიანი. 50იანი წლებიდან მოყოლებული ოფიციალურად მიიჩნევა, რომ ქართული ლიტერატურისთვის თავისუფლებითა და ეროტიულობით სრულიად გამორჩეული ლექსების ავტორი პაოლო იაშვილია. დარიანული ლექსების ავტორი რომ ქალია, პირველად ღიად ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა დაწერა გასული საუკუნის მიწურულს და სასტიკი კრიტიკაც მოიმკა. ბევრმა პაოლო იაშვილის შეურაცხყოფადაც კი მიიღო მისი ავტორობის ეჭვქვეშ დაყენება, არადა თვითონ პაოლოს არადროს განუცხადებია, რომ „დარიანული ციკლის“ ლექსები მისია. პოეტს ამით ჩრდილი არ ადგება, პირიქით, მეტ რომანტიულ ელფერს სძენს მის პიროვნებას. პაოლოს რეაბილიტაციის შემდეგ, 1955 წელს გამოცემულ პირველ კრებულში შემდგენელმა შალვა დემეტრაძემ დარიანის ლექსებიც შეიტანა წიგნში. მას შემდეგ ეს ლექსები გამოცემიდან გამოცემაში გადადის.

ლიტერატურის მუზეუმის გამოფენა ეძღვნება ელენე ბაქრაძეს (პირველი ქორწინების შემდეგ - ბერიშვილი და მეორე ქორწინების შემდეგ - ქართველიშვილი), რომელსაც 10იან და 20იან წლებში ვიწრო წრეში იცნობდნენ, როგორც ელენე დარიანს. ელენე ბაქრაძეს ეკუთვნის, 50იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენიმე მოგონება, რომელშიც ის აღწერს, თუ როგორ შედგა მას და პაოლო იაშვილს შორის ლიტერატურული თანამშრომლობა, როგორ წერდა ელლი ლექსებს და როგორ არედაქტირებდა მათ პაოლო. 

გამოფენა დამთვალიერებლებს პირველად მისცემს საშუალებას, გაეცნონ ამ არა მხოლოდ საიდუმლოებით მოცულ ისტორიას, არამედ ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ სასიყვარულო ამბავსაც.

იმედია, ჩვენი გამოფენა ჯანსაღ ინტერესს გამოიწვევს ლიტერატურულ საზოგადოებაში და ბიძგს მისცემს სერიოზულ, დასაბუთებულ დისკუსიას დარიანული ლექსების გარშემო. 


დამთვალიერებლებს შეუძლიათ შეიძინონ გამოფენის კატალოგი (ფასი 3 ლარი).
გამოფენის დათვალიერება, ისე როგორც ლიტერატურის მუზეუმის ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი მადლობას უხდის გამოფენის ხელშეწყობისთვის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "რადიქსს" და "ქალთა ფონდს საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერისთვის.