LiteratureMuseum.ge

ანა ნიკოლაძის (1907-1989) ნამუშევრების გამოფენა და ალბომის "ორი ანა" პრეზენტაცია


6 თებერვალს, საღამოს 6 საათზე გეპატიჟებით თვითმყოფადი მხატვრის ანა ნიკოლაძის (1907-1989) ნამუშევრების პირველ გამოფენაზე. 
აქვე შესდგება პრეზენტაცია სამახსოვრო ალბომისა "ორი ანა", სადაც ანა ნიკოლაძის ნამუშევრები დაუწყვილდა ანა კალანდაძის ლექსების, უდახვეწილესი კალიგრაფიით შესრულებილ, ხელნაწერ რვეულს, რომელიც 25 წლის ახალგაზრდა პოეტმა სწორედ ანა ნიკოლაძეს უსაჩუქრა. 

ალბომის შეძენა შეიძლება ლიტერატურის მუზეუმში( ფასი 10 ლარი), გამოფენა გაგრძელდება 14 თებერვლის 6 საათამდე. 

უფრო დაწვრილებით სამახსოვრო ალბომის შესახებ იხილეთ საგამომცემლო პროექტის ავტორის ზაზა აბზიანიძის შესავალ წერილში "ორი ანა":

"თქვენს ხელთაა ალბომი, რომელშიც ორი ანას სახელი დაწყვილდა: აქედან ერთი - ანა კალანდაძისა - მთელმა საქართველომ იცის, ბევრმა - მის გარეთაც; ასე რომ, მისი წარდგინება, ისევე, როგორც ნებისმიერი საკულტო ფიგურისა, აზრს მოკლებულია... 
მეორე სახელი კი - ანა ნიკოლაძისა, რომელიც მხოლოდ მისი სტუდენტების, კოლეგებისა და ახლობლების ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი, ნამდვილად საჭიროებს წარდგინებას: მას იცნობდნენ, როგორც ნიკო ნიკოლაძის ძმისშვილს და თავისი დიდი ბიძის რჩევისამებრ - რუსული ლიტერატურის მკვლევარს (ამ სფეროში მას ფუნდამენტური ნაშრომები ჰქონდა), როგორც ქართული პოეზიის უბადლო მცოდნესა და პოეტური ტალანტის აღტაცებულ თაყვანისმცემელს. 

ანა ნიკოლაძის ამ თვისებამ ისე მოხიბლა მისი ერთი ყოფილი სტუდენტი, რომ მან დიდ, საერთო რვეულში საგულდაგულოდ გადაწერა საკუთარი ლექსები და თავის ყოფილ ლექტორებს, გულისხმიერ მკითხველებსა და დამფასებლებს _ ანა ნიკოლაძესა და მის მეუღლეს -გიორგი აბზიანიძეს უსახსოვრა. ასე აღმოჩნდა ანა კალანდაძის ეს უნიკალური ხელნაწერი რვეული აბზიანიძეთა საოჯახო არქივში.

სიტყვა "უნიკალური" აქ მაღალფარდოვნებისათვის არ წერია: ანა კალანდაძის ხელნაწერების სიმრავლის მიუხედავად, მის კალიგრაფიას არსად ისეთი სრულყოფა არ აჩნევია, როგორც "აბზიანიძეთა რვეულში", რომელიც, სპეციალისტების აზრით, კალიგრაფიის უდახვეწილეს ნიმუშს წარმოადგენს. ძვირფასი ადამიანებისათვის განკუთვნილ რვეულში, 25 წლის ანა ეცადა, თავისი ლექსების სინატიფისა და არქაულობისათვის შესატყვისი ვიზუალური ფორმა მოეძებნა და ეს ბრწყინვალედ განახორციელა კიდეც, რადგან პოეტურ ნიჭთან ერთად, კალიგრაფის ტალანტიც აღმოაჩნდა. 

ძნელია თქმა, ფიქრობდა თუ არა მთაწმინდის მომავალი ბინადარი, რომ მისი ულამაზესი ხელნაწერი საბოლოოდ ლიტერატურის მუზეუმში დაივანებდა; ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ მისი დაბადების 90 წლისთავზე, გამოიცემოდა სამახსოვრო ალბომი, სადაც ანა ნიკოლაძის ნახატები, რომლებითაც იგი თავის დროზე ასე აღტაცებული იყო, დაერთვოდა მის ხელნაწერ ლექსებს... 

ალბათ, რამდენიმე სიტყვა იმაზეც უნდა ითქვას, თუ როგორ დაიბდა ამ სამახსოვრო ალბომის გამოცემის იდეა. 

ანა ნიკოლაძისათვის მხატვრობა მისი ცხოვრების მიმწუხრის საჩუქარი იყო. გარემოებათა გამო, საკუთარ თავთან და განუყრელ წიგნებთან პირისპირ დარჩენილს, თავის მასაზრდოებელ ბუნებას მოწყვეტილს, მას თვითგადარჩენად მხატვრობა მოევლინა და იმ პეიზაჟებს, იმ ანთროპომორფულად აყვავებულ ხეებს, სევდიან კვიპაროსებს, რომელთა სანახავადაც ვეღარ მიდიოდა, თავის ნახატებში მიუჩინა ადგილი... 

ნახევარ საუკუნეზე მეტი თანაარსებობდნენ ერთ სივრცეში ანა კალანდაძის დახვეწილი კალიგრაფია და ანა ნიკოლაძის პოეტური ფერწერა... რა გასაკვირია, რომ ამ იშვიათი განძის მფლობელს გასჩენოდა სურვილი, თავისი აღტაცება სხვათათვის გაეზიარებინა და ორი, ბიოგრაფიულად და სულიერად დაკავშირებული ძვირფასი სახელი, სამახსოვრო ალბომში გაეერთიანებინა.

ასე შეხვდა ერთმანეთს სამოცი წლის შემდეგ „ორი ანა“: ერთი - თანამედროვეთა მეხსიერებაში სამუდამოდ დამკვიდრებული ლექსებითა (და, ახლა უკვე- კალიგრაფიით) და მეორე - უმეტესობისათვის უცნობი, თუმცა უღრმესი რომანტიკული სულიერებიდან ამოზრდილი მხატვრობით. ამ ორი სამყაროს მრავლისმეტყველი მსგავსება მეტაფიზიკისადმი მიდრეკილ ადამიანს აფიქრებინებს, რომ ორი ანას შეხვედრაში - აქაურშიც და მიღმიერშიც, განგების ხელი ერია... 

ზაზა აბზიანიძე