LiteratureMuseum.ge

"სამი სართული –ზიჩის 10", Three floors- Zichi #10


გამოფენა-აქცია «სამი სართული - ზიჩის 10» წარმოგიდგენთ მაისის თვეში ჩატარებული დახურული არქიტექტურული კონკურსის შედეგებს:

კონკურსი" ახალი საცხოვრებელი, ძველი კონტექსტი" გამოაცხადა მხატვარმა ლევან ჭოღოშვილმა, ისტორიულ უბანში საკუთარ ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. კონკურსში ექვსმა არქიტექტორმა მიიღო მონაწილეობა: გამარჯვებული გამოავლინა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან არსებულმა საბჭომ. 
მონაწილეები: დავით ავალიშვილი (გამარჯვებული პროექტის ავტორი), თენგიზ ალავერდაშვილი, გიორგი კიღურაძე, გიორგი მარგიშვილი, გიორგი მარსაგიშვილი, შოთა ჯოჯუა.

ლევან ჭოღოშვილის მიზანი იყო, რომ სწორედ კონკურსის საფუძველზე შერჩეულიყო თბილისის ისტორიულ ნაწილში ასაშენებელი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და არ მომხდარიყო ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში უხეში არქიტექტურული ჩარევა; არ დარღვეულიყო ქალაქის, უბნის და მიკრო მასშტაბში, ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანულ ქსოვილთან კავშირი. 
შექმნილიყო იმგვარი არქიტექტურული მოცულობა, რომელიც ისტორიულ უბანში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის შემცველი/ამსახველი იქნებოდა.
ამავე დროს ის არ უნდა ყოფილიყო ტრადიციული თბილისური საცხოვრებელი სახლის იმიტაცია, ფსევდო-ისტორიული იერის მქონე, არამედ არსებული არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი სიტუაციის გათვალისწინებით, კონცეფტუალურად ჩაწერილიყო ისტორიული უბნის ერთ-ერთ საინტერესო ქუჩაში. 
გამოფენა - ესაა მხატვრის აქცია, რომელიც გამოხატავს მის პოზიციას ისტორიული ქალაქის არქიტექტურულ-ურბანული მოწყობისადმი.