LiteratureMuseum.ge

შეხვედრა და საუბარი საშა (ალექსანდრა) ჭავჭავაძესთნ/Meeting the artist Sasha (Aleqsandra) Chavchavadze

18 მაისი, 2012 - May 18, 2012
18:00

შეხვედრა და საუბარი საშა (ალექსანდრა) ჭავჭავაძესთნ მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე.
ავტორი წაიკითხავს ნბაწყვეტს საკუთარი წიგნიდან "ასანთების მუზეუმი"
-------------------------
Meeting the artist Sasha (Aleqsandra) Chavchavadze/Talking about her life and art.
Author will read the fragment from her book "Museum of Matches"

ასანთის მუზეუმი
შესავალი

ყველას გვერგება მემკვიდრეობით ერთი ასანთის მუზეუმი. ყველას გვეხება ომი. ჩემი ასანთის მუზეუმი სურათებისგან და იატაკზე ი–ჩინგის მონეტებივით მიმობნეული რეალობის ნაგლეჯებისგან შედგება. ვაკვირდები, ამ მოჩვენებითი ქაოსიდან როგორ წარმოიქმნება ფორმები, იკვრება კავშირები. 
აწმყო და წარსული უცნაურ ადგილებში კვეთენ ერთმანეთს. ვზივარ და ვცდილობ, სურათებისკენ გზა გავიკვლიო, კეიპ–კოდის ძველ სახლში, სადაც ჩემი რუსი წინაპრები ორმოცდაათ წელს ცხოვრობდნენ. ახლა ეს სახლი მე მეკუთვნის. პირველად სწორედ აქ, მეორე სართულზე, საძინებელში წავიკითხე ნაბოკოვის ასანთობანას თამაშის ამბავი. მაშინ გავიაზრე, რომ ასანთის ფიგურების გადალაგება თითქოს ჰგავს ჩემი წინაპრების ბედის ცვლას – რუსი არისტოკრატები კეიპ კოდზე ბედნიერად მოსახლე, გაღარიბებულ ემიგრანტებად იქცნენ. ბრუკლინიდან ჩამოვიყოლე ნაბოკოვის „ილაპარაკეთ, მოგონებებო“ , რბილყდიანი გამოცემა, უკანა გარეკანზე ავტორის ფოტოთი – ნავის ნიჩბებთან ახალგაზრდა კაცი დგას და სიგარეტს ეწევა. დაახლოებით ის დროა, როცა ბებიაჩემი ნინა ნაბოკოვთან ერთად მდინარე კემზე სეირნობდა ხოლმე. „კარჭაპით გაყავდა მდინარეზე თეთრ ფლანელში გამოწყობილ ვალოდია ნაბოკოვს, {რომელიც} მათ რომანს ნაკლებად ხატოვნად იხსნებდა.“ 
ნაბოკოვის წიგნში ასანთობანაზე რომ წავიკითხე, გამახსენდა, რომ თავისი ასანთობანა ყმაწვილობაში მამაჩემსაც გამოუგონია და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ცივი ომის განყოფილებაში მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში სულ თამაშობდა. ეს იყო ომობანა, სადაც ასანთის ღერების ჯარს ორი მოთამაშე წარმართავდა. ერთმანეთს სანგრებიდან ებრძოდნენ. მამაჩემს ელექტრონული ფოსტით მივწერე და ვთხოვე თამაში აღეწერა. ასე გავაბით მრავალწლიანი მიმოწერა. კარგა ხნის ძებნის შემდეგ მამამ იმდროინდელი თამაში კარადაში, კუბური სიგარების კოლოფში იპოვა და საჩუქრად მე გადმომცა. 
ისტორიკოსი არა ვარ, ამიტომაც მამაჩემის ელექტრონული წერილების კითხვისას, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის უკეთ გასააზრებლად ვიზუალურ ფორმებს ვიშველიებდი. ასანთების ხატვა დავიწყე, მოგვიანებით კი ასანთის ღერებს ქაღალდზე პერპენდიკულარულად ვაწებებდი, სხვადასხვა ფორმები და ორნამენტები გამომყავდა. ახალგაღვიძებული ხშირად წარმოვისახავდი ასანთების ფიგურებს. პროექტი სწრაფად მიიწევდა წინ. მედიტაციური პროცესი ჩითილების დარგვას ჰგავდა. მამაჩემის ასანთობანა აღვადგინე – ამისთვის „ოჰაიო ბლუს“ ალებადთავიანი ასანთის ღერები ვხატავდი, რომლებსაც თავის დროზე მამა იყენებდა. ზოგჯერ ცივი ომის შესახებ წიგნებში მამაჩემის სახელს ვაწყდებოდი და სიტყვა „ასანთის“ სხვა მნიშვნელობებს ვპოულობდი. ასანთმა ცეცხლის მოსაკიდებელი საშუალების გარდა სხვა დატვირთვაც შეიძინა - სიმეტრიული, წინააღმდეგობრივი, იგივე პირადი ურთიერთობების წარმართვის ინსტრუმენტის მნიშვნელობა. ასეთმა ვიზუალიზაციამ ცივი ომი და მამასთან ჩემი დამოკიდებულება სხვაგვარად დამანახა. ინტერნეტის შეუზღუდავმა სივრცემ მრავალწლიანი სიჩუმე დაგვაძლევინა.