LiteratureMuseum.ge

1832 წლის შეთქმულება და შემდგომი პერიოდი


1832 წლის შეთქმულება იყო ქართული თავად-აზნაურების ბოლო მცდელობა, თავი დაეღწიათ რუსეთის ბატონობისგან. დამარცხებული შეთქმულების სიკვდილმისჯილი მონაწილეების მიმართ იმპერატორმა - ნიკოლოზ I-მა "ლმობიერება" გამოიჩინა და ისინი იმპერიის შორეულ მხარეებში გადაასახლა. სოლომონ დოდაშვილის და სოლომონ რაზმაძის გარდა, რომელიც გადასახლებაში გარდაიცვალნენ, ყველა მალე დაბრუნდა სამშობლოში და იმპერიის სამსახურში ჩადგა.
1844 წელს კავკასიის მეფისნაცვლად საქართველოში მიხაილ ვორონცოვის დანიშვნით, როგორც ილია ჭავჭავაძე წერდა, დაიწყო "დრო მიძინებისა და ჩვენის გონებრივისა და ეროვნულის მიმძინარებისა, მოქანცულობისა. მწერლობაც ამ გვარის მიმძინარებულის ხასიათისა გახლდათ მაშინ. იგი ზედმიწევნილის სინამდვილით გვიხატავს მაშინდებურს ჩვენს არარობას, ჩვენს სიღატაკეს აზრისას თუ ცხოვრებისას; ... ამ გვარი გაჭირვებული დრო დადგება ხოლმე ერისათვის ხანგრძლივის და დიდის ხნის მღელვარე ცხოვრების შემდეგ. ... მაშინ რომ ქართველისათვის გეკითხათ, რას ფიქრობთ, რა გსურთო, სიცოცხლეზედ ვფიქრობთ, სიცოცხლე გვინდაო, გიპასუხებდნენ. მაგის გარდა კიდევაო? კიდევ სიცოცხლე გვინდაო, გეტყოდნენ. რას ეძახით სიცოცხლეს, როგორ თუ სიცოცხლეო? ისეო, გეტყოდნენ, რომ გავლა-გამოვლა შეგვეძლოს, სუნთქვაო, ცით და მთვარით დატკბობა, მზის ცქერაო და ჩვენის ჭიის გახარებაო. გვინდა ვგრძნობდეთ, რომ თავი ისევ მხრებზე გვაბიაო, რომ ჩვენის თავისთვის გვეთქვა, ფიქრი არა გაქვს, ისევ ცოცხალი ხარ, ჯერ არ მომკვ-დარხარო. ერთის სიტყვით, ხალხს და ერს მხოლოდ ხორციელის ცხოვრების ნატვრა ჰქონდა, მხოლოდ იმაზედ ჰფიქრობდა, რომ უნდა გავფრთხილდე, თორემ, სულს ხომ აღარა ვჩივი, ხორცითაც არ დავიღუპოვო".