LiteratureMuseum.ge

განყოფილებები

 

აღრიცხვა-დაკომპლექტების განყოფილება

აღრიცხვა-დაკომპლექტების განყოფილება, მუზეუმის ფონდების გასამდიდრებლად, მწერალთა და მოღვაწეთა ოჯახებში, კერძო კოლექციებში, გამომცემლობებში მოიძიებს მწერალთა არქივებს, ქართული და უცხოური ლიტერატურისა თუ ხელოვნების სხვა დარგების განვითარებასთან დაკავშირებულ  საარქივო მასალებს - ხელნაწერებს, ფერწერულ, გრაფიკულ და სკულპტურულ ნამუშევრებს, მემორიალურ ნივთებს, უნიკალურ გამოცემებს, ფოტოებს, აუდიო-ვიდეოჩანაწერებს.

მოძიებულ არქივებსა თუ ცალკეულ დოკუმენტებს მუზეუმი იღებს შემოწირულობის სახით ან იძენს მუზეუმთან არსებული საექსპერტო-შემფასებელი კომისიის გადაწყვეტილებით.  აღრიცხვისა და სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, ახალშემოსული მასალები შემდგომი დამუშავებისთვის შესაბამის საფონდო განყოფილებას გადაეცემა.

ტელეფონი: +995 322 982 543

 

ხელნაწერთა განყოფილება

მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულია 120.000-მდე სამუზეუმო ხელნაწერი, მათ შორის უძველესია XII საუკუნის ათონური ოთხთავი. ფონდში თავმოყრილია XVI-XIX საუკუნეების ხელნაწერი წიგნები - ,,ვეფხისტყაოსნის“ რედაქციები, ოთხთავები, საგალობელთა კრებულები; ფილოსოფიურ-რელიგიური ლიტერატურა, სიგელ-გუჯრები;  XIX-XX საუკუნეების ქართველ და უცხოელ მწერალთა არქივები თუ ცალკეული ხელნაწერები.

განყოფილებაში სისტემატურად მიმდინარეობს არსებული და ახალშემოსული დოკუმენტების კლასიფიცირება, რეგისტრაცია, კვლევა და სამეცნიერო აღწერა, ანბანური და სისტემატური კატალოგების შედგენა, ინფორმაციის მოძიება და შევსება, გამოუქვეყნებელი მასალის გამოვლენა. ფონდის უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დაწყებულია ხელნაწერების სკანირება და მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა.

ფონდში დაცული მასალა ღიაა მკვლევარებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ტელეფონი: +995 322 982 543


იკონოგრაფიის განყოფილება

იკონოგრაფიის ფონდში დაცულია 30.500-ზე მეტი ფოტოდედანი, 345 ფერწერა, 3050 გრაფიკა, 86 სკულპტურა, 1450 მემორიალური ნივთი, 73 ფოტოალბომი, 1900 ნეგატივი, 510 აუდიო-ვიდეოჩანაწერი.

განყოფილებაში მიმდინარეობს არსებული და ახალშემოსული მასალის კლასიფიცირება, რეგისტრაცია, კვლევა და პასპორტიზაცია, ანბანური და სისტემატური კატალოგების შედგენა, ინფორმაციის მოძიება და შევსება, ფოტოებზე აღბეჭდილ პირთა იდენტიფიკაცია. ფონდის უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს ფოტოების სკანირება, ხელოვნების ნიმუშებისა და მემორიალური ნივთების ფოტოგადაღება, მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა.

კოლექციაში დაცული მასალა ღიაა მკვლევრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

ტელეფონი:+995 322 934 103


უნიკალური წიგნების განყოფილება

 უნიკალური წიგნების ფონდში ინახება 19.400-ზე მეტი უნიკალური გამოცემა: XVIII-XIX საუკუნეებისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები; მწერლების პირადი ბიბლიოთეკები. წიგნები ავტორთა მიძღვნითი წარწერებითა და მფლობელთა კომენტარებით.

განყოფილებაში მიმდინარეობს ახალშემოსული გამოცემების რეგისტრაცია, კლასიფიცირება, სამეცნიერო აღწერა და პასპორტიზაცია; ანბანური და სისტემატური, ავტოგრაფიან წიგნთა კატალოგების შედგენა. დაწყებულია კოლექციის ელექტრონული ვერსიის შექმნა.

ტელეფონი:+995 322 932 045


საგამოფენო-საგანმანათლებლო განყოფილება 

საგამოფენო-საგანმანათლებლო განყოფილება მუზეუმში დაცული კოლექციების (ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრების, ფოტოდედნების, ხელნაწერების, მემორიალური ნივთების, უნიკალური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების), სხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში მოძიებული მასალის მიხედვით,   ამზადებს და საზოგადოებას წარუდგენს სხვადასხვა მწერლის, მხატვრის, მწერალთა თუ მხატვართა ჯგუფის შემოქმედების, მნიშვნელოვანი ლიტერატურული ან ისტორიული მოვლენის ამსახველ ექსპოზიციებს; ფერწერა-გრაფიკის, ქანდაკების, ფოტოგრაფიის, კინოხელოვნების ახალი ტენდენციების გათვალისწინებით, იმართება თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენები.

მოსწავლე ახალგაზრდობის, მკვლევართა, საზოგადოების სხვა ფენის, უცხოელი სტუმრების მოზიდვა-დაინტერესების მიზნით გამოფენებზე ტარდება ექსკურსიები და  ლექცია-საუბრები.

ტელეფონი:+995 322 934 103


საგამომცემლო განყოფილება

საგამომცემლო განყოფილება იძიებს მუზეუმში დაცულ გამოუქვეყნებელ, საზოგადოებისთვის უცნობ ან მივიწყებულ მასალებს; ამზადებს კომენტარებით, ხელნაწერთა აღწერილობით, საძიებლებით აღჭურვილ გამოცემებს, რომლებშიც შენარჩუნებულია დედნის ყველა თავისებურება, ხელუხლებელია მწერლისეული სტილი. წიგნები ილუსტრირებულია მუზეუმსა და სხვა კოლექციებში დაცული ფოტოების, ნახატების, ხელნაწერებისა და მემორიალური ნივთების რეპროდუქციებით. 

მუზეუმში საგამომცემლო საქმეს საფუძველი ჩაეყარა 1940 წელს, როდესაც გიორგი ლეონიძის რედაქტორობით, გამოიცა  „ლიტერატურის მატიანის“ პირველი წიგნი. 1997 წელს მუზეუმში დაარსდა გამომცემლობა, სადაც მზადდება საარქივო გამოცემები, მწერლების შემოქმედების ტომეულები თუ საიუბილეო კრებულები, უბის წიგნაკები, თარგმანები, ბუკლეტები, ლიტერატურული კალენდრები.

ტელეფონი:+995 322 932 045


სარესტავრაციო-საკონსერვაციო სახელოსნო

მუზეუმის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სახელოსნოში მიმდინარეობს  დაზიანებული სახით შემოსული ან ტემპერატურისა და ფარდობითი ტენიანობის არასტაბილურობის თუ გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო დაზიანებული დაზგური ფერწერის ნიმუშების, ხელნაწერების, რუკებისა და ძველი წიგნების რესტავრაცია. რესტავრატორები იკვლევენ სარესტავრაციო ობიექტს და ადგენენ დამუშავების  მეთოდებს.

მზადდება ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების შესაფუთი შალითები და საქაღალდეები, ექსპოზიციებისთვის - პასპარტუები და ჩარჩოები. საგამოფენოდ ჩარჩოებში თავსდება ფოტოები და ნახატები. ექსპონატების პროფილაქტიკური კონსერვაციისთვის ხელნაწერების, იკონოგრაფიის და წიგნების საცავებში კეთდება დეზინფექცია.

ტელეფონი:+995 322 934 103

 

ბიბლიოთეკა

მუზეუმის ბიბლიოთეკაში თავმოყრილია ქართული თუ უცხოური მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ჟურნალ-გაზეთები.

ბიბლიოთეკის თანამშრომლები იღებენ და აღწერენ ახალშემოსულ წიგნებს, ადგენენ ანბანურ, სისტემატურ, ავტოგრაფიან წიგნთა, კრებულების ავტორთა კატალოგებს; იძიებენ და ინახავენ მუზეუმის თანამშრომელთა თუ სხვათა მიერ მუზეუმის კოლექციებისა და ღონისძიებების შესახებ გამოქვეყნებულ სტატიებსა და ნაშრომებს.

მუზუმის ბიბლიოთეკით სარგებლობა, ბარათის გახსნის შემდეგ, შეუძლია ყველა მსურველს.

ტელეფონი:+995 322 933 338